ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია
ენერგონი კვალიფიციური საინჟინრო გუნდით და მრავალწლიანი გამოცდილებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ახორციელებს ჰიდროენერგეტიკული ობიექტების მშენებლობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა სულ უფრო მნიშვნელოვანს ხდის საკუთარი რესურსებით ელექტოენერგიის წარმოქმნას. ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის, ჰიდრორესურსების გამოყენებით ელექტროენერგიის გამომუშავება პრიორიტეტული მიმართულებაა.
საქართველოში ჰიდრორესურსებს ბუნებრივ სიმდიდრეთა შორის პირველი ადგილი უკავია. საქართველოს ტერიტორიაზე დათვლილია 26 ათასი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 60 ათასი კილომეტრია. აქედან, 300-მდე მდინარის ენერგეტიკული პოტენციალი 15 ათას მგვტ-მდეა შეფასებული. საქართველოს მდინარეებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული სეზონურობა. მათი გადანაწილება შესაძლებელია მარეგულირებელ-წყალსაცავიანი ელექტროსადგურების მშენებლობის გზით.
მიუხედავად არსებული ჰიდროენერგეტიკული პოტენციალისა, დღეისათვის, განსაკუთრებით კი ზამთარში, წყალმცირობის პერიოდში გვიხდება ელექტროენერგიის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებული ჰიდროელექტროსადგურების აღდგენა და ახლის მშენებლობა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად. ჰესების მშენებლობით გამოწვეულ სარგებელს აგრეთვე წარმოადგენს რეგიონებში დასაქმების ზრდა, რაც მოსახლეობის კეთილდღეობას და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს.
ენერგოდამოუკიდებლობა საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია. მისი მიღწევისთვის აუცილებელია საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება.